საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ნინო კირთაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ავითარებს ვერსიას, რომ კირთაძეს პოზიცია პროტესტის ნიშნად არ დაუტოვებია.
კინოცენტრის განცხადებით, კირთაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში მისი პოზიციის შტატად გადაკეთება იგეგმებოდა, რაც კირთაძის "თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა".
კინოცენტრში აცხადებენ, რომ ნინო კირთაძემ 11 ივლისს, პირადი განცხადებით მომართა ეროვნულ კინოცენტრს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება - მოცემული განცხადება 13 ივლისს დაკმაყოფილდა.
მათი თქმით, მანამდე, 11 ივლისს მას ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ რეორგანიზაციის პროცესში, იგეგმებოდა აღნიშნული შტატგარეშე პოზიციის გაუქმება და მისი გადატანა საშტატო ერთეულად, ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კი გამოცხადდებოდა ღია კონკურსი, რომელშიც მასაც შეეძლებოდა მონაწილეობა.
"აღნიშნულ რეალობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა ქალბატონმა ნინო კირთაძემ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობის შეწყვეტა დემარშის სახით, მისი ზოგიერთი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტა.
ამის საპირისპიროდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალბატონმა ნინომ ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის გაპროტესტება რეორგანიზაციის ერთთვიანი პერიოდის დასრულების ბოლო დღეს, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა.
სავარაუდოდ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღია კონკურსის წესიც, რადგან თავად ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, ბატონი გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ფაქტების დამახინჯებისა და სპეკულაციებისგან და მოერიდონ სიმართლის დამალვას", - ნათქვამია განცხადებაში.
რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება.
რეჟისორმა გამოცემა ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე კინოცენტრთან თანამშრომლობას წყვეტს.
***
კინემატოგრაფისები უკვე რამდენიმე თვეა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ კინოცენტრში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თუმცა კინემატოგრაფისტები მიიჩნევენ, რომ მინისტრი თეა წულუკიანი სფეროში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობს.
პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი. ამასთან, შეიცვალოს დირექტორის დანიშვნის წესი, კერძოდ, აირჩეს კონკურსის საფუძველზე.
11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი დაინიშნა კობა ხუბუნაია, რომელიც მანამდე პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა. გარდა ამისა, სახელისუფლებო არხ POSTV-ის ჟურნალისტი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
საკამათო რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი, რომლებიც კინოცენტრში მიმდინარე ცვლილებებს აპროტესტებდნენ.